Monday, December 12, 2011

ხელოვნების და პოლიტიკის კეთება ქართულად

საქართველოში პოლიტიკური არტი რომ უკუღმართ თუ არა, უცნაურ ჭრილშია აღქმული, პირველად 2005 წელს მომხვდა თვალში, როდესაც რვა წელი ჰოლანდიაში ცხოვრების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. იმ დროისთვის ჩემი ნამუშევრები სოციალურ-პოლიტიკურად იყო ანგაჟირებული და ჩემი საქართველოში დაბრუნების მთავარი მიზეზიც ამას უკავშირდებოდა. მდიდარ და აწყობილ ჰოლანდიაში ამ თემებზე მუშაობა თითიდან გამოწოვილი მეჩვენებოდა და მინდოდა ეს თემები საქართველოში გამეღრმავებინა, სადაც მაშინაც და დღესაც გამადიდებელი შუშის გარეშეც კარგად იკითხება პოლიტიკური მიმართულებები და მისგან გამოწვეული სოციალური ცვლილებები. თუმცა, როგორც მალევე მივხვდი, არავის სიამოვნებს გამადიდებელი შუშით ნაჩვენები პრობლემები და ბევრად უფრო მომგებიანია პრობლემების ესთეტიური შირმით დამალვა და გალამაზება.

2005-07 წლებში ნადია წულუკიძესთან ერთად "ხინკალი Juice"-ის სახელით შექმნილი პერფორმანსებით ძირითად აქცენტს სოციალურ თემებზე ვაკეთებდი. ესენი იყო: ქალის ფუნქცია ქართულ საზგადოებაში, გროტესკულობამდე მისული სადღეგრძელოები, ოქროსფერი შადრევნები, დამამშვიდებელი საშუალება: სუბუტექსი - კაცებს, დიეტები - ქალებს და ასე შემდეგ. სხვა თემებზე მუშაობა ვერც კი წარმომედგინა და დღესაც მიმაჩნია, რომ ხელოვანი თავისი ნამუშევრით თავის დროს და გარემოს უნდა ირეკლავდეს. მაყურებლის უმეტესობა უკმაყოფილოდ ხვდებიდა ამ პერფორმანსებს და მირჩევდა, თავი გამენებებინა ამ თემებისთვის და ისევ ძველ ნაცად ხერხს, ხატვას დავბრუნებოდი.

ამავე წლებიდან დამამახსოვრდა ორი ღონისძიება: პირველი - გია გუგუშვილის (უმცროსის) მიერ ორგანიზებული პრეზიდენტის მხარდამჭერი ჯგუფური გამოფენა, სადაც არცერთი ნამუშევარი არ ეხებოდა არაფერ "საშიშს" და მხოლოდ ზეთსა და აკვარელში შესრულებული პეიზაჟები თუ ნატურმორტები ამშვენებდა დარბაზს. მეორე კი რუსთაველზე გამართული ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ინსტალაცია - საკნები. აქ ერთ-ერთი საკანში მხატვრები ერთიანდებოდნენ პრეზიდენტის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ხელოვანს ეპატიება პოლიტიკური სარჩულის მქონე პრო- თუ ანტისამთავრობო გამოფენებში მონაწილეობა, იმ შემთხვევაში თუ თვითონ ნამუშევრის ენა იქნება აპოლიტიკური. ხოლო თუ ხელოვანი თავისი ნამუშევრით მტკივნეულ თემებს ეხება, ეს მაყურებელში აგრესიას და ნამუშევრისგან დისტანცირებას იწვევს. ამ თამაშით მაყურებელი და ხელოვანი ერთად დარაჯობენ ხელოვანის "სუფთა გულს", რომელიც ვერ იტანს პოლიტიკაში ამოთხვრას და მხოლოდ იმას ცდილობს, რომ თავისი წვალების ფასად მაყურებელს ესთეტური სიამოვნება მიანიჭოს. ამ მსხვერპლის გაღებისთვის მაყურებელი ხელოვანს აჯილდოვებს და გამოფენის კონტექსტზე თუ მის დაფინასების წყაროზე თვალს ხუჭავს.

ცოტა ხნის წინ, ვენაში, ქართულ თანამედროვე ხელოვნებაზე კამათისას კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავინახე ეს ყველაფერი: ჩემი ავსტრიელი მეგობარი ფრიდრიხ პელოშეკი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და ქართული ხელოვნების ნიმუშების კოლექციაც აქვს, 2009 წლის ვენეციის ბიენალეს საქართველოს პავილიონზე თავის აზრს მიზიარებდა. ამ წელს საქართველოს პავილიონის კურატორის და მხატვრის არჩევა სხვა წლებთან შედარებით თანამედროვე ხელოვნების "წესების" დაცვით მოხდა, კულტურის სამინისტროს მიერ დასახელდა კურატორი ხათუნა ხაბულიანი, რომელმაც კომისიას რამდენიმე მხატვარის ნამუშევარი წარუდგინა. კომისიამ კი კოკა რამიშვილი შეარჩია. კოკა რამიშვილმა საქართველო ვიდეონამუშევრით - "Change" წარადგინა. ამ ვიდეოში დოკუმენტური კადრებია გამყენებული და მაყურებელი ხედავს სააკაშვილის პარლამენტში შესვლას და შევარდნაძის "გაგდებას", ოღონდ შენელებულ კადრებად, გაბოხებული ხმებით, რაც ნაჩვენებს კიდევ უფრო ამძაფრებს. ჩემი ავსტრიელი მეგობრისთვის, ეს ვიდეო იმისი ნიშანი იყო, რომ საქართველოში ყველაფერზე ცენზურაა, რომ სააკაშვილი უკვე ბოლომდე სტალინად გადაიქცა და ყველა სფეროში, თვით ხელოვნებაშიც კი, ის იღებს გადაწყვეტილებას და ამის შედეგია ისიც, რომ ვენეციაში საქართველოს წარმოსაჩენად ის ვიდეო შეირჩა, რომელიც ამბობს, - Change კარგია, - მიშა კარგია. თან ეს ყველაფერი რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე. ამ შთაბეჭდილებამ ჩემ მეგობარ-მაყურებელზე ისეთი უკურეაქცია მოახდინა, აღარ მოუნდა ჩაღრმავებოდა ამ ვიდეოს და მისი სხვა შრეებიც წაეკითხა. კოკა რამიშვილი ამ ვიდეოთი თვითონ ცვლილებას და მის მოტანილ ახალ მიმართულებებს სვამს კითხვის ნიშნის ქვეშ, იგი დამოუკიდებლად მოღვაწე ხელოვანია, რომლმაც ზემოაღნიშნული ვიდეო 2006 წელს გადაიღო.

გადის კიდევ ორი წელი და 2011 წელს საქართველოს ვენეციაში უკვე მეორედ წარადგენს თამრიკო კვესიტაძე, რომელმაც 2007 წელს, მაშინაც ჯერ კიდევ ცოტათი უფრო "წესების" დაცვით, ორ სხვა მონაწილსეთან, ეთერ ჭკადუასა და ჩემთან ერთად უკვე წარადგინა საქართველო ვენეციის ბიენალეზე. 2011 წელს, მხატვრის შესარჩევად "open call"-ის შედეგად გამოხმაურებული სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრები არ ყოფილა განხილული. ახლა უკვე არანაირი ფორმალური წესების დაცვა აღარაა საჭირო. ვისაც ფული აქვს, ის უკვეთავს მუსიკას. თამრიკო კვესიტაძის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და როგორც ჩანს, ასეთი გარიგებით ივანიშვილი არა მარტო ვენეციის ბიენალის ხარჯებს იღებს საკუთარ თავზე. ბათუმის ქანდაკებაც " All you need is love " და სტალინის ძეგლის ადგილზე მომავალში დასადგამი ქანდაკებაც (პროტესტის მიუხედავად თუ მაინც დაიდგა) ხომ თამრიკო კვესიტაძეს ეკუთვნის და ჩნდება ეჭვი, რომ ივანიშვილსა და ხელისუფლებას შორის გარიგებაა: სახელმწიფო უზრუნველყოფს საუკეთესო პოდიუმებს ივანიშვილის პროტეჟეს წარმოსაჩენად, ხოლო ივანიშვილი ფინანსურად მხარში ამოუდგება სახელმწიფოს.

ალბათ ამ მიზეზის გამოა, რომ ვენეციის ბიენალის ქართული პავილიონი კვესიტაძისათვის ერთგვარ პერსონალურ საგამოფენო დარბაზად იქცა. ამ კითხვაზე კულტურის სამინისტროს, კერძოდ დავით ცხადაძეს ერთადერთი რეაქციაა, რომ ეს კანონდარღვევა არ არის.

კვესიტაძის ნამუშევრები ვისაც ნანახი აქვს, მან უკვე იცის, რომ მათში არ გამოჩნდება მის უკან მდგომი პოლიტიკური ძალა და ბიზნესგარიგებები, ტექნიკურად ხუთიანზე შესრულებული მექანიკურად მოძრავი თოჯნები კი მაყურებელს ესთეტურ სიამოვნებას მოჰგვრის და ტექნიკური გამართულობით გააკვირვებს. პავილიონის მდიდრული გახსნა და მისი მთელი მსვლელობა იქნება "სვეცკი ტუსოვკა", რასაც არც საქართველოში არსებულ რეალობასთან, არც ქართულ თანამედროვე ხელოვნებასთან და არც საერთოდ თანამედროვე ხოლოვნებასთან კავშირი არ ექნება.

რას მოვითხოვ კვესიტაძისგან? რახან მდიდარი მფარველი ყავს არ გამოფინოს ნამუშევრები? მაგას არ ვითხოვ, უბრალოდ ძალიან მომწყინდა ხელოვანების მიერ ათვისებული ის როლი, რომ მათ პოლიტიკა არ ეხებათ, რომ ისინი ამის ყველაფრის მიღმა დგანან, და რომ "სილამაზეს" ემსახურებიან. ისიც მომწყიდნა, რომ მაყურებელს ნამუშევრის უკან მდგომი ძალების დანახვა არ სურს. ეს ყველაფერი ხომ ძველი სტრუქტუების გამაგრებაა, პოზაა, რომლიდანაც ვერ ან არ გამოვდივართ.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ვენეციის ბიენალეზე მონაწილეობის მიღება საკუთარი თავით ტკბობის საშუალება არ უნდა იყოს. ეს არ უნდა იყოს პიედესტალი, რომელზეც ისედაც ბოლომდე დაფინანსებული, კარგად გაპრიალებული და შელამაზებული რეალობა დაიდება.

ვენეციის ბიენალე უნდა იყოს გამოცდილება, რომელიც კარგად შერჩეული მხატვრების ჯგუფისთვის განვითარების და ახალი პერსპექტივების მომტანი გახდება. ეს მხატვრები უნდა ფლობდნენ თანამედროვე ხელოვნების ენას და თავიანთი კრიტიკული აზროვნებით, შეულამაზებლად ასახავდნენ რეალობას. ეს რეალობა შეიძლება მტკივნეულია, მაგრამ ტკივილის და შიშის საკუთარი თავში დაძლევა და სხვებისთვის ჩვენება ხომ ამ ტკივილზე მაღლა დადგომას ნიშნავს, რისკს შეიცავს, რითიც ხელოვნების ნიმუში საინტერესო და თანამედროვე ხდება.



სოფო ტაბატაძე

----------------------------------------

* სოფო ტაბატაძე დაიბადა 1977 წელს, თბილისში. ნიკოლაძის სახელობის ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სადაც ერთი კურსი დახურა და ამსტერდამის, გერიტ რიტფელდის აკადემიაში გადავიდა სადაც ბაკალავრის დიპლომი მოიპოვა. ამჟამად სოფო ტაბატაძე ცხოვრობს და მუშაობს თბილსსა და ბერლინში. იგი მონაწილეობას იღებს მრავალ საერთაშირისო გამოფენაში და ხშირად იფინება საქართველოშიც. 2007 წელს სოფო ტაბატაძემ საქართველო ვენეციის სეართაშორისო ბიენალეზე წარადგინა და ამავე წელს მონაწილეობა მიიღო სტამბულის ბიენალეში. მისი ნამუშევრების შესახებ დაწერილა მრავალ ქართულ ბეჭდვით მედიაში და ასევე საერთაშორისო სახელოვნებო ჟურნალებში კუნტსფორუმი (Kunstforum International) და ფლეშარტი (Flesh Art International). 2003 წელს მან საქართველოში ჩამოაყალიბა ორგანიზაცია გეოეარი, რომლიც კულტურულ პროექტებს და მხატვრების და კურატორების გაცვლას ემსახურება.



პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ ლიბერალის ბლოგზე

1 comment:

Anonymous said...

Great article, like it a lot, it's sad but it's so true. Critical element in art is crucial, without it art just is in service of ideologies and political regimes, which makes it meaningless. Yet those who choose to touch upon the burning problems social or political have always been experiencing problems. That's what the upcoming Berlin Biennale 7 is about, it associate curators the Russian activist group Voina is constantly under warrant. Well that's the price you pay for your critique...
Lily